სიახლეები

საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030'' პრეზენტაცია

6 ივლისი, 2021
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი განვითარების ხედვის პირველადი დოკუმენტი მზადაა და მის სრულყოფაში ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, უცხოელი პარტნიორები და დონორები ჩაერთვებიან.
 
„მინდა, დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ჩვენ, გასულ კვირას, დავიწყეთ თემატური პრეზენტაციები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი. მე შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები, ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია, პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ოკუპაციის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, არის ეკონომიკური სიდუხჭირე და ჩვენი მოსახლეობის სიღარიბე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა.