სიახლეები

იმერეთის თეატრალური ფესტივალი დასრულდა

1 ივლისი, 2021
იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა.
 
ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2021" ფარგლებში პროფესიულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა.
 
საუკეთესო მსახიობის ტიტული ხარაგაულის თეატრის რეჟისორსა და მსახიობს ირინე ჩხეიძეს ხვდა წილად, ხოლო საუკეთესო მსახიობი კაცის ტიტული წყალტუბოს თეატრიდან ზურაბ ყურაშვილმა მოიპოვა.
 
ჟიურიმ საუკეთესო დრამატურგად რეზო კლდიაშვილი დაასახელა, სპექტაკლისათვის „იმერული რეკვიემი“.
 
ნომინაციაში საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი გაიმარჯვეს მსახიობებმა: სოფიო ჩირაძემ, აბელ სოსელიამ, ამირან შარაშენიძემ, გიგა ბუბუტეიშვილმა სპექტაკლისათვის ,,გოდოს მოლოდინში“
(ვანის სახალხო თეატრი)
 
წლევანდელი ფესტივალი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით „ნოსტრადამუსი“-თ დაიხურა.
 
დახურვის საზეიმო ცერემონიალამდე თეატრის ფოიეში ჟურნალის „თეატრალური ქუთაისის“ პრეზენტაცია გაიმართა.
 
პროექტს უკვე მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ.
 
17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მაყურებელს საშუალება ჰქონდა მისთვის სასურველ წარმოდგენას დასწრებოდა. წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.