სიახლეები

სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი მოცვის საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონას აღწევს

21 ივნისი, 2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. საწარმოში, სეზონზე, 28 ადგილობრივია დასაქმებული.
 
იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი „აგროლეინში“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნენ.
 
შპს „აგროლეინს“ საკუთარი მოცვის ბაღი 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს; შედეგად, შპს „აგროლეინის“ საწარმო 40 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას, შეფუთვას და რეალიზაციას უზრუნველყოფს.
 
მიმდინარე წელს, კომპანიამ, შეღავათიანი აგროკრედიტის მხარდაჭერით, ტრაქტორი და სხვადასხვა აგროოპერაციისათვის საჭირო აგრეგატები შეიძინა; შეღავათიანი სესხის თანხამ 105,000 ლარი შეადგინა.