სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა საქართველოში გერმანიის ელჩი მიიღო

17 ივნისი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიღო. მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე აქტუალურ პროექტებზე ისაუბრეს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მიმართულებით იმერეთში არსებულ პოტენციალზე.
 
,, მადლობა იმერეთში ვიზიტისთვის და იმ პროექტებისთვის, რასაც ჩვენი მხარისთვის ახორციელებთ. გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს მოიცავს. გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, უშუალოდ ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ რეგიონის მუნიციპალიტეტებში ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, დევნილთა დასახლებებში აშენდა საბავშვო ბაღები, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, სათამაშო მოედნები, ასევე ხონში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლს. გარდა ამისა აღსანიშნავია, ჩვენი აქტიური თანამშრომლობა გერმანიის მთავრობის დახმარების სააგენტო ჯიაიზეტთან (GIZ). მიხარია, რომ დაინტერესდით იმერეთში არსებული პროფესიული სასწავლებლებით და გამოთქვით თანამშრომლობის სურვილი“ - ზვიად შალამბერიძე.
 
მხარის რწმუნებულმა გერმანიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში არსებულ პროფესიულ კოლეჯებზე. ამ ეტაპზე პროფესიული დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: წყალტუბოში, სამტრედიასა და ხონში აქტიურად მიმდინარეობს.
 
გერმანიის ელჩის განმარტებით, ბევრ სხვა საკითხს შორის პროფესიული განათლების მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში ამ სისტემის განვითარებისთვის გერმანიის მთავრობის მიერ გაწეულ დახმარებასა და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე.