სიახლეები

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

9 ივნისი, 2021
ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
 
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ასევე საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეულები სტუმრები ესწრებოდნენ.
 
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა შიდა ინტერიერის მოწყობა და გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.
 
განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. „მწვანე გადახურვა“ და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი და საათში 1200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობასთან შედარებით ოთხჯერ მეტია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად განახლებული აეროპორტის მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში ორნახევარ მილიონამდე გაიზრდება.
 
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წელს დაიწყო. სახელმწიფომ ამ მიზნით 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. სხვადასხვა დროს პროექტის განხორციელებაზე 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტში ჩართული იყო 100-ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.