სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლება არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა. მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველი კურსის დამთავრება. ეს მართლაც არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც შეიქმნა ფონდ „ქართუს“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და დახმარებით, არის მართლაც უნიკალური პროექტი, ევროპული ტიპის უნივერსიტეტი როგორც ხარისხით, ასევე განათლების დონით, სადაც გეძლევათ საშუალება, მიიღოთ ევროპული დონის განათლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა, სტუდენტებთან საუბრისას, ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ევროპული დონის განათლება საკუთარ ქვეყანაშივე მიიღონ და აღნიშნა, რომ წლების წინ, სწორედ ამაში მდგომარეობდა ბიძინა ივანიშვილის იდეა, რასაც შემდგომ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება მოჰყვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, კაფეტერია და საცხოვრებელი კამპუსები მოინახულა. მთავრობის მეთაურმა ის ადგილიც დაათვალიერა, სადაც ადრონული თერაპიის ცენტრი უნდა აშენდეს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის. პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ" ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გაიხსნა. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ლექციები ტარდება როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ეს მეთოდი უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების ჩართვის საშუალებას იძლევა.
უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის შედეგადაც ერთობლივი აკადემიური პროგრამები შეიქმნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითაც სწავლობენ მათი თანატოლები გერმანიაში. ახალ აკადემიურ პროგრამებზე საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.
უნივერსიტეტში არსებული მრჩეველთა ინდუსტრიული საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნესასოციაციები.
უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც სიმსივნის უახლესი მეთოდებით მკურნალობასთან ერთად, დიდი ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო კვლევას მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. კვლევებს, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. მსოფლიოს წამყვანმა მკვლევარებმა ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. ადრონული თერაპიის ცენტრი, უდიდეს სამედიცინო მნიშვნელობასთან ერთად, იქნება მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი კერა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |