იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მუნიციპალიტეტების მერებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებს, სტაციონარებისა და პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„ჩვენ წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი. ამიტომ აუცილებელია ტემპის გაორმაგება და ვემზადებით ივლისისთვის, როცა ქვეყანაში შემოდის სხვადასხვა ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე. დღეში უნდა ავცრათ დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი.
რეგისტრაციის ორივე ფორმა იქნება. რა თქმა უნდა, იქნება წინასწარი რეგისტრაცია პორტალზე, მაგრამ რადგან სოფლის მოსახლეობას ეს უჭირს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ე.წ. ცოცხალი რიგი, ასევე წითელ ჯვარს ვთხოვთ და ზაფხულში აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში სტუდენტები, რათა ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები ნაკლები აქვთ, მიეხმარონ დარეგისტრირებაში. ასევე, პარალელურად გვექნება ვირტუალური კაბინეტები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ დარეგისტრირდნენ და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
,,იმერეთში ამ ეტაპზე 17 სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც მიმდინარეობს ვაქცინაცია. დაახლოებით ჩვენ 200 000 ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოვახდინოთ ამ სამი თვის განმავლობაში. თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა გავზარდოთ იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები ვაქცინაციას. ასევე, როგორც უკვე აღინიშნა ქუთაისში დამატებით უნდა მოეწყოს ერთი დიდი სივრცე, რომ შევძლოთ იმუნიზაციის პროცესის ჩატარება და მოქალაქეების შეუფერხებლად მიღება.
ასევე, განვიხილავთ კიდევ ერთ მიმართულებას. მოქალაქეებს რომელთაც არ შეეძლებათ ჩამოსვლა ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში, საცხოვრებელის მიხედვით ადგილზე დავეხმარებით. უახლოეს პერიოდში გვექნება გაწერილი გეგმა რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ადგილი იქნება მობილიზებული იმუნიზაციისთვის.
რაც შეეხება ეპიდვითარებას რეგიონში, ისე როგორც მთელს საქართველოში არის კლებადი. ბოლო პერიოდში არა გვაქვს ისეთი ზრდა, რომ კონტროლს არ ექვემდებარებოდეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არანაირ კრიტიკულ და კრიზისულ მდგომარეობაში არ ვყოფილვართ. დღეს ჩამოვცდით 100 - ის ნიშნულს და კლებისკენ მიდის. რა თქმა უნდა უფრო მეტად წავა კლებისკენ, თუ ვაქცინაციას ჩვენ კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით" - ზვიად შალამბერიძე.
დღესვე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქუთაისში იმუნიზაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებშიც მივიდა და ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.