მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეწვია. ვანის განახლებულ მუზეუმში კარლ ჰარცელს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
,, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი რა თქმა უნდა გახდა ძალიან საინტერესო მიზიდულობის ცენტრი არა მარტო იმერეთისთვის არამედ მთელი საქართველოსთვის. ევროკავშირის საპილოტე პროექტებისა და ახალი ურბანული პროექტების განხორციელებით, კიდევ უფრო მეტად საინტერესოს გავხდით ვანს, ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ ტურისტებისთვის და მთლიანად განვავითარებთ ქალაქს ამ მიმართულებით“ - ზვიად შალამბერიძე.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. ვანის ნაქალაქარი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია, აქ მოპოვებულ მასალას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის, მით უფრო, რომ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის – ოქროს საწმისის ქვეყნის – რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. მდიდრულ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი კოლხური ოქრომჭედლობის დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.
ვანის მუზეუმის რეაბილიტაცია 2020 დასრულდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და უახლესი სტანდარტების დაცვით, მუზეუმში მუდმივმოქმედ და დროებით საგამოფენო სივრცეებთან ერთად, მოწყობილია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები). ვანის მუზეუმი ანტიკური კულტურის კვლევის საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს.