სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გუბისწყალში სამაცივრე მეურნეობა შპს „აგრო +“ გაიხსნა

15 მაისი, 2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გუბისწყალში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა და წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, USAID -ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ დაფინანსებული სამაცივრე მეურნეობა შპს „აგრო +“ გახსნეს.
 
შპს „აგრო +“-მა დაარსა 525 მ2 სამაცივრე მეურნეობა, სადაც მოხდება მოცვის წინასწარი გაცივება და დასაწყობება. შპს „აგრო +“ საწყობს გამოიყენებს არა მარტო საკუთარი პროდუქციის წინასწარი გაცივებისთვის, არამედ ასევე წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტების სხვა ფერმერებსაც გაუწევს პროდუქციის წინასწარი გაცივების და საწყობში შენახვის მომსახურებას.
 
მომსახურების ძირითადი სამიზნე ჯგუფი იქნება ჟოლოს და უეკლო მაყვლის მწარმოებელი ფერმერები, რადგან მათი მოსავლის აღების დრო არ ემთხვევა მოცვის სეზონს. პროექტის პერიოდში კომპანიის გათვლებით 15ჰა-დან მიღებული იქნება 280 000კგ მოცვი.
 
შპს „აგრო +“ შექმნის 134 სეზონურ სამუშაო ადგილს სამაცივრე მეურნეობის ოპერატორებისთვის და მოცვის მკრეფავებისა და დამხარისხებლებისთვის. კომპანია ასევე გაუწევს კონსულტირებას 135 ფერმერს.
 
2015 წელს შპს „აგრო +“ ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“. კომპანიამ 8.4 ჰექტარზე მოცვის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 99,700 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
 
USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ბაზარზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, დარგობრივ ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლებს უზრუნველყოფს 7.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანაინვესტირებით და გაუწევს მათ ტექნიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული დარგების გაძლიერებასა და ამ დარგების ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.
 
„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა“ შედგება ორი ინტეგრირებული, ურთიერთდამოკიდებული კომპონენტისგან, რომლებიც მიმართულია ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტების განსაზღვრისა და რისკების შეფასებისკენ, რაზეც დამოკიდებულია შემოსავლების ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი განვითარება. პროგრამა ორიენტირებულია მხოლოდ შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების (კენკროვანი კულტურები კივის ჩათვლით, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი, კაკალი და ნუში) ხელშეწყობაზე.