სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მესხიშვილის თეატრში გაიხსნა

8 მაისი, 2021
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მესხიშვილის თეატრში გაიხსნა.
 
ფესტივალის გახსნას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
მთავარ კონკურსში (10- დან 30 წთ-მდე) მონაწილეობს 15 ფილმი.
მეორე კონკურსში (1 -დან 5 წუთამდე ფილმები) მონაწილეობს 26 ფილმი.
მთავარი საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს – „ოქროს დინოზავრს“ -გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.
 
1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი და მოყვარული ავტორები, გაიცემა ერთი პრიზი – „დინოზავრის ნაკვალევი“, საუკეთესო ფილმისთვის.
 
საპატიო პრიზი“ოქროს დინოზავრი“ კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რეზო გაბრიაძეს გადაეცა.
 
3 დღის განმავლობაში ფართო აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ფრანგული, ჩინური, გერმანული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მრავალფეროვან პროგრამას . ნაჩვენები იქნება უკანასკნელი ათწლეულის თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები;
კინოჩვენებებთან ერთად, ფესტივალის პროგრამა მოიცავს საგანამანათლებლო ღონისძიებებსაც. მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი კინორეჟისორები, კინოოპერატორები, სცენარისტები, პროდიუსერები.
 
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონში კულტურული პროცესების გაცოცხლებასა და დაეხმარება ქალაქ ქუთაისს შევიდეს იუნესკოს კრეატიული ქალაქების რიცხვში. ქუთაისი გააგრძელებს კინემატოგრაფიულ ტრადიციას, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს კი საშუალება მიეცემათ, ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი შემოქმედება, ასევე მიიღონ საჭირო ცოდნა პროფესიული განვითარებისთვის.
 
კონკურსის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის ივლისში გამოცხადდა, ფესტივალმა მიიღო 500-მდე ფილმი მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან. საკონკურსო ფილმებს შორის არის ფილმები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ირანიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან.
 
კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „საქართველოში“ და დასწრება უფასოა.
 
ფესტივალი გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებს.