სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო, ახალმა ყაზახურმა ავიაკომპანიამ FlyArystan

4 მაისი, 2021
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო, ახალმა ყაზახურმა ავიაკომპანიამ FlyArystan. ავიაკომპანია ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით (ატირაუ, აქტაუ, ნურ-სულთანი) იფრენს.
 
საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით აეროპორტში გაიმართა მგზავრების დახვედრის ცერემონიალი, ასევე დაურიგდათ სიმბოლური საჩუქრები.
 
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.
 
აღნიშნულ ღონისძიებაზე ავიაკომპანიის მხრიდან იყვნენ, FlyArystan-ის მმართველი დირექტორი ადრიან ჰამილტონი და FlyArystan-ის აეროპორტის სახმელეთო მომსახურების დირექტორი დანიარ უსკენბაევი.
 
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრებს დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული ტერმინალი, რომელიც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული ერთიანი სივრცეა - საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო.
 
მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. ახალი სერვისები და სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება.
 
რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, გამცილებლის შესვლა კი ნებადართული მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაშია. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრები, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შენობაში არ დაიშვებიან.