სიახლეები

ჭიათურაში, სვერის სათავგადასავლო ბანაკში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკის პრეზენტაცია გაიმართა

24 აპრილი, 2021

ჭიათურაში, სვერის სათავგადასავლო ბანაკში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი ტურისტული ლოკაციის პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

,, ძალიან საინტერესო ექსტრემალური ბილიკი გაიხსნა ჭიათურაში ჩვენი მეკლდეურებისთვის და მათთვის ძალიან საინტერესო ადგილები გახდა უკვე ხელმისაწვდომი. ორმაგად სასიამოვნო და მისასალმებელია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა კომპანია ,, ჯორჯიან მანგანეზის" მეშვეობით, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ არა მხოლოდ კომპანიამ მიიღოს და ნახოს სარგებელი ამა თუ იმ პროექტებიდან, არამედ ქალაქმაც, ჭიათურამაც და ზოგადად განვითარდეს ტურიზმი რეგიონში" - ზვიად შალამბერიძე.

სოფელ სვერში ვია ფერატა საქართველოს ორგანიზებით მეკლდეურებმა და მოხალისეებმა სოფელ სვერის კლდე სიმბოლურად დალაშქრეს და საქართველოს დროშა აღმართეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მსურველებს საშუალება ეძლევათ სათავგადასავლო ტური დაგეგმონ და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები კიდევ ერთ ახალ ლოკაციას გაეცნონ.

ვია ფერატა სათავეს იღებს ალპებიდან. ეს გახლავთ კლდეზე ფოლადის ბაგირითა და რკინის საფეხურებით გაყვანილი ექსტრემალური ბილიკი, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული აქტივობაა მსოფლიოში.

სვერის ვია ფერატა საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში პირველი ასეთი პროექტია.

#იმერეთი
#ჭიათურა
#სათავგადასავლოტური
#ვიაფერატა