ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა სამთვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის განახლებულ და გაფართოებულ საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა.
რეკონსტუირებული აეროპორტის ოპერირების დაწყებასა და Wizz Air-ის მიერ ფრენების განახლებასთან დაკავშირებით აეროპორტში იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოში აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და მერი იოსებ ხახალეიშვილი.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრებს დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული ტერმინალი, რომელიც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული ერთიანი სივრცეა - საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო.
მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. ახალი სერვისები და სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება.
ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ქართული მხრიდან კი ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მაირამ ყარყარაშვილმა იმუშავა.
რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, გამცილებლის შესვლა კი ნებადართული მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაშია. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრები, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შენობაში არ დაიშვებიან.