სიახლეები

შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის წარმომადგენლებთან

8 აპრილი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის და ამავე ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
 
რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებმა საპილოტე პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. პროექტი ითვალისწინებს მიგრანტებისა და მათი დაბრუნების თემების როლის წარმოჩენას განვითარების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით.
 
საპილოტე პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე იმერეთში 4 მუნიციპალიტეტი შეირჩევა. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება დაბრუნებული მიგრანტებისა და ადგილობირივი მოსახლეობის მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვან იმ ეკონომიკური და სოციალური პროგრამების გამოვლენაზე, რომელთა საჭიროებაც გამოიკვეთება გამოკითხვისას.
 
წარმოდგენილ ინიციატივებში უნდა მოიაზრებოდეს ისეთი სოციალური ან მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გავლენას მოახდენს თემის გაძლიერებაზე. შემდეგ ეტაპზე შესარჩევი კომიტეტი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძლებზე, გამოავლენს გამარჯვებულ წინადადებას თითოეული თემში.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.
 
პროექტი - მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.