სიახლეები

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობით, პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტები ინერგება

9 აპრილი, 2021
პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს რეგიონებში პროფესიული კოლეჯების საჭიროებების შესწავლა გრძელდება.
მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე აფასებენ იმ პროფესიების საჭიროებებს, რომლებიც რეგიონში ყველაზე მოთხოვნადია.
 
ამ მიზნით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ბაღდათში კოლეჯ „იბერიას“ სასწავლო ბაზა დაათვალიერეს და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მათ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, თავად სტუდენტებისა და პედაგოგებისგან მოისმინეს.
 
სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომავალში კოლეჯს კიდევ უფო მეტად მისცემს განვითარების შესაძლებლობას, სამინისტროსთან ერთად, ყველა მხარე აქტიურად ჩაერთვება. ეს ხელს შეუწყობს, როგორც კოლეჯის პროგრამულ განვითარებას, ასევე ბიზნესის ხელშეწყობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას, რაც საბოლოდ, რეგიონის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
 
ეკონომიკური განვითარებისთვის იმერეთის რეგიონში ბაღდათის სასწავლო ბაზის მოკლე და გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. ინერგება პროგრამები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ავტომობილის მომსახურება, ინჟინერია და სხვა. ასევე, იგეგმება ამ მიმართულებებით მოკლევადიანი პროგრამების დანერგვა.
 
პროფესიული განათლება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პროფესიული კოლეჯების რეგიონული სასწავლო ბაზების განვითარებას კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, რათა, ერთი მხრივ, პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე მხრივ, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით რაც შეიძლება მეტი კურსდამთავრებული დასაქმდეს.