სიახლეები

შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

9 აპრილი, 2021
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა მორიგი გასვლითი შეხვედრა, იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.
 
ლერი ბარნაბიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, პროექტებთან და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა იმერეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თანმიმდევრულობაზე.
 
,,ყველა საკითხი თუ პრიორიტეტი, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალურია კიდევ ერთხელ განვიხილეთ და ვიმსჯელეთ გადაჭრის გზებზე. ცენტრალური ხელისუფლება მზად არის, თქვენს მიერ დასმული საკითხები გადაწყვიტოს უმოკლეს ვადებში და ეფექტურად. ურბანული განახლების პროექტირებისას ყველა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ინტერესები იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული. თითოეული პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ადგილობრივების მოსაზრებები, განსახორციელებელი პროექტები სწორედ მათ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.
 
სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დაავალა, დამატებით კიდევ წარადგინონ წინადადებები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ. მომდევნო კვირაში დაგეგმილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი იმერეთში, სადაც განიხილება მიმდინარე პროექტები და საჭიროებები, რომელთა დაფინანსებაც თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.
 
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრებს ყველა რეგიონში გამართავს.