სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

23 მარტი, 2021
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დაბალ აქტივობას. ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ფაიზერის“ ვაქცინასაც, რომელიც საქართველოში ხვალ ღამით შემოვა. მინისტრის განცხადებით, საქართველოში "ფაიზერის" შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.
 
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად უფრო აქტიური გახდება.
 
“სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და პერსონალთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ყველა ის რისკი, რომელიც მათ ამ პროცესთან მიმართებაში გააჩნიათ. ვაქცინაციის მიმართ სანდოობა უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დღეს მსოფლიოში მესამე ტალღაა გამოცხადებული.
 
საქართველოში ეს არ ფიქსირდება, თუმცა გახსნების ფონზე ინფექციის ზრდაა. პანდემიას მხოლოდ ვაქცინაციით დავასრულებთ.
 
გარდა ამისა, ველოდებით 29 250 დოზა ფაიზერს. ორივე ვაქცინას „ასტრაზენეკასაც“ და „ფაიზერსაც“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია." - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
 
,,პანდემიის პერიოდში რეგიონის მასშტაბით თქვენთან, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ხშირად ვმართავთ და ეპიდვითარებიდან გამომდინარე თანმიმდევრულ ღონისძიებებს ვახორციელებთ. დღეს COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი არის გამოსავალი პანდემიის დამარცხებაში. აღნიშნული პროცესი უნდა წარიმართოს სწორად და ეფექტურად, რაშიც თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია. თქვენ ხართ ის რგოლი, რომელმაც ვაქცინაცია უნდა წარმართოს პროტოკოლის სრული დაცვით და იმუნიზაციის პროცესი რეგიონში შეუფერხებლად გააგრძელოს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და მჯერა, თითოეული თქვენგანი აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში“ - ზვიად შალამბერიძე.
 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
 
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.