სიახლეები

გაეროს განვითარების პროგრამები ჭიათურაში

17 მარტი, 2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ლუიზა ვინტონს და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელ დირექტორს დავით მელუას შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე მოეწყო ქუთაისის მერიის ოფიციალური გვერდის მოდერნიზებისა და ინტერაქციული რუკის პრეზენტაცია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
 
პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მერიის ოფიციალური ვებ გვერდის მოდერნიზება და ქალაქის ინტერაქციული რუკის შემუშავება მოხდა. აღნიშნული წარმოადგენს ქალაქის რუკას, სადაც განთავსდება ყველა იმ მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქალაქის მასშტაბით ხორციელდება. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ეძლევა გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას რომელ ქუჩაზე რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მოქალაქეს შეუძლია ინფრასტრუქტურული პრობლემის შესახებ ატვირთოს ფოტო და მოკლე აღწერილობა შესაბამის ველში და ამ ფორმით ადგილობრივ თვითმმართველობას შეატყობინოს საკითხის შესახებ.
 
ამ ეტაპზე ქუთაისის მერიის ვებ გვერდი ფორმირებისა და ტესტირების რეჟიმშია. შეხვედრაზე გაიცა რეკომენდაციები და შენიშვნები, რაც გათვალისწინებული იქნება.
 
გარდა ამისა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ( NALAG) და დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის (DGG) პროგრამების მხარდაჭერით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტი ხორციელდება.
 
პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებას სპეციალური პრესის საშუალებით, მის გადამუშავებას და ინდივიდუალური კომპოსტირების დანერგვის ხელშეწყობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საპილოტე სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში ქაღალდისა და პლასტიკის განცალკევებული შეგროვების განხორციელებისა და ინდივიდუალური კომპოსტირების სადემონსტრაციო საიტების შექმნის გზით.
 
საპილოტე პროექტი, ნარჩენების სეპარირების სფეროში, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, კერძოდ, ნარჩენების დახარისხების საკითხში.
 
პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 7 საპილოტე სკოლაა შერჩეული, სადაც განთავსდება სხვადასხვა ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები, ასევე კომპოსტირების ყუთები. კონტეინერები ასევე განთავსდება, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონში“, ზესტაფონის მერიასა და შორაპნის ადმინისტრაციულ ერთეულში.
 
გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით რიგი პროექტები განხორციელდა ჭიათურაშიც.