სიახლეები

ჭიათურაში გაეროს განვითარების პროგრამების ფარგლებში რიგი პროექტები განხორციელდა

16 მარტი, 2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელთან ლუიზა ვინტონთან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელ დირექტორთან დავით მელუასთან და ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, სადაც 5,28 კვტ. სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური დამონტაჟდა. აღნიშნული მოწყობილობაუზრუნველყოფს საბავშვო ბაღის ელექტროენერგიის ხარჯს წყლის გაცხელების ჩათვლით. პროექტის ფარგლებში აგრეთვე დამონტაჟდა 80 ლიტრი ტევადობის ორი ერთეული წყლის ელექტროგამაცხელებელი.

ხელისუფლების წარმომადგენლები მზის მიკროელექტრული სადგურის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ ხრეითის ბაღი პირველია, სადაც მზის მიკროელექტრული სადგური დამონტაჟდა. პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან” თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა.

დღესვე მუნიციპალიტეტში განხორციელებული ახალგაზრდული პროექტებიც დაათვალიერეს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჭიათურელთა კავშირის“ პარტნიორობით და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას კომპიუტერები გადასცა.

#იმერეთი
#ჭიათურა
#გაეროს_განვითარების_პროგრამები