სიახლეები

ხელისუფლების წარმომადგენლები ,,ნამახვანჰესის'' მშენებლობასთან დაკავშირებით ,,რიონის ხეობის მცველებს'', არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდნენ

12 მარტი, 2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ,,რიონის ხეობის მცველებს", არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლეა. მინისტრის თქმით, კომპანია „ენკასთან“ შეთანხმდნენ რამდენიმე პუნქტზე:
 
კომპანია არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა კაშხალი და წყალსაცავი, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება. სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, ქართველ სპეციალისტებსა და რიონის ხეობის მცველების ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს.
 
შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც დაახლოებით ხუთი მილიონი ლარის ოდენობის იქნება. ფონდი ხეობის მოსახლეობის საჭიროებებს დააფინანსებს. ასევე, დაფარავს წყალტუბოსა და ცაგერის ძირითად სოფლებს. მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანია ხეობის განვითარებისთვის.
 
კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე გაუძღვება სამუშაოებს, იმისთვის, რომ სახელმწიფო მეტად ჩაერთოს, რათა იქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება უფრო დაცული იყოს.
 
შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან და მათ შორის, იმ ადამიანებისგან , რომლებიც ,,ნამახვანი ჰესის" მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვები.