ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილ შენობაში მულტიფუნქციური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებულ ღონისძიებას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კომპანიის მიერ დაანონსებული პროგრამის ფარგლებში, თითქმის 100-წლიანი ისტორიის შენობა ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შეიძენს. ე.წ ტრესტი სხვადასხვა მიმართულებით დაიტვირთება, ის გააერთიანებს:
სამუზეუმო სივრცეებს, მათ შორის მხარეთმცოდნეობის, ისტორიისა და ფოტოგრაფიის მუზეუმებს, ფოტოგრაფიის სკოლას, ტრენინგ, საგამოფენო და საბიბლიოთეკო სივრცეებს, პროფესიულ სასწავლო ცენტრ - „ჯმ აკადემიას“, ახალგაზრდული სკაუტების ცენტრს, რომელიც ჭიათურის ახალგაზრდებისათვის პერმანენტულად განახორციელებს პროექტებს. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია მოეწყოს ტურისტული მიმართულების სივრცე, მათ შორის, გიდების მოსამზადებელი და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრები, სადაც სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო წინადადებები წარმოადგინონ.
,,ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი გაჟღერდა. დარწმუნებული ვარ ,,ჯორჯიან მანგანეზი" აღნიშნულ პროექტს ჭიათურაში, აუცილებლად განახორციელებს. ვფიქრობ ყველა ეს პროექტი იქნება დამატებით ახალი სიცოცხლე ჭიათურლებისთვის და არა მარტო მათთვის. იმ ვიზიტორებსა და ტურისტებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში ჩამოვლენ ბევრი სიურპრიზი დახვდებათ ჭიათურაში.
პრეზენტაციაში ძირითადად სამი მიმართულება იყო წარმოდგენილი. ეს არის კულტურისა და ზოგადად ხელოვნების მიმართულება, ტურიზმის მიმართულება, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს არა მარტო იმერეთი არამედ საქართველო. ჩვენ ვიცით როგორი ეკონომიკური ზრდა მოუტანა ტურიზმის განვითარებამ საქართველოს და მესამე ეს არის განათლების მიმართულება და ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში. აღნიშნული კომპონენტი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის" - ზვიად შალამბერიძე.
კომპანიამ შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.
ასევე, "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.