სიახლეები

ზვიად შალამბერიძე: ეპიდვითარების თვალსაზრისით რეგიონში ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა და შეიძლება ითქვას, რომ კლებადი

12 თებერვალი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძეს, მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. გუბერნატორმა შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, ვაქცინის პროცესში ჩართვასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრა.
 
,,რეგიონში ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა და შეიძლება ითქვას, რომ კლებადი. ეს არის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებისა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგი. ასევე, დიდი დამსახურებაა თქვენი და ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ის ფაქტი, რომ იკლო COVID-19-ის შემთხვევებმა და ექვემდებარება კონტროლს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ეტაპობრივად იხსნება შეზღუდვები, უნდა შევძლოთ ეპიდმდგომარეობის მართვა, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას და შევინარჩუნოთ სტაბილური მდგომარეობა. თქვენ იცით, რომ საქართველო მზად არის ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად და როგორც ცნობილია, ქვეყანა თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება და ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა რგოლი აქტიურად ჩავერთოთ შემდეგი პროცესის სწორად წარმართვაში“ - ზვიად შალამბერიძე.
 
სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს პერმანენტულად მართავს და მიმდინარე საკითხებს დეტალურად ეცნობა.