გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სახელმწიფო რწმუნებულებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებასა და სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.
,, მთავრობის მთავარი ამოცანაა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ჩვენს ქვეყანაში და ასევე ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა მათთვის, ვინც გადაწყვეტს საზღვარგარეთ დროებით დასაქმებას. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. რამდენიმე ქვეყანასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რაც მისცემს ჩვენს თანამოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების საშუალებას და ავიცილებთ იმ უხერხულობებს, რაც აქამდე შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში იყო შექმნილი“ - ზვიად შალამბერიძე.
საქართველოს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს - (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს, დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისთვის. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება შრომითი და სოციალური უფლებების დაცვით.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.