სიახლეები

იმერეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

3 თებერვალი, 2021
იმერეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
 
,,ჩვენთვის პრიორიტეტულია იმერეთის ყველა სოფელში იყოს ცენტრალური გზა გაკეთებული. პანდემიის მიუხედავად გრძელდება სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ იმერეთის 539 სოფლიდან დაახლოებით 70 პროცენტში ჩვენ შევძელით და საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ და არ გავჩერდებით, სანამ ყველა სოფელს ადმინისტრაციულ ერთეულამდე ცენტრალური მისასვლელი გზა არ ექნება“ - ზვიად შალამბერიძე.
 
მხარის რწმუნებული მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და ზესტაფონის მერ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, სოფელ წევაში, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის გზა და დამონტაჟდა სანიაღვრე სისტემა.
 
გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
 
სასოფლო გზა, ადგილობრივ მოსახლეობას, გარდა ადმინისტრაციული ცენტრისა, ასევე აკავშირებს მეთერთმეტე საუკუნის ტაძართან და საჯარო სკოლასთან, რომელიც 1825 წელს არის აგებული. თითქმის ორი საუკუნის სკოლას რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა. აღნიშნულმა მცირეკონტიგენტიანმა სკოლამ რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლა სასწავლო პროცესი და ამ ეტაპზე 25 მოსწავლე ირიცხება.
 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2020 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 14, 737, 726 ლარი შეადგინა. მოეწყო 27 საავტომობილო გზა, 38 კილომეტრამდე.