სიახლეები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანი გამოიყვანეს

12 იანვარი, 2021
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანი გამოიყვანეს.
 
იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, რამდენიმე საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ 4 მწყემსი უვნებლად გამოიყვანეს. უხვი ნალექის გამო ისინი სოფელ გომში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე დარჩნენ და დამოუკიდებლად გამოსვლა ვერ მოახერხეს.
 
ადგილობრივებს, სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარის მეორე მხარეს საძოვრებზე პირუტყვი ყავდათ. ადიდებულმა მდინარემ გამოსასვლელი დატბორა, რის გამოც მათი გამოყვანა გართულდა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.
 
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის ტერიტორიაზე, რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული საყანე ფართობი, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა. აღნიშნულ ტერიტორიას მოსახლეობა ზამთარში საძოვრად იყენებს.
 
ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე.