სიახლეები

274 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა

26 ოქტომბერი, 2020
ნგრევად შენობებში მცხოვრები 274 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.
 
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.
,,გრძელდება ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ბინების გადაცემა. რამდენიმე კვირის წინ წყალტუბოში იყო მსგავსი ცერემონიალი ახლა ქუთაისშია და 274 ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები. წლის ბოლოს, დეკემბერში კიდევ 111 ოჯახი დაკმაყოფილდება. რა თქმა უნდა ბინების გადაცემის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც წყალტუბოში ასევე ქუთაისში. აღნიშნული პროექტი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ჩვენი დევნილი მოსახლეობა მთლიანად არ იქნება დაკმაყოფილებული" - განაცხადა მედიასთან ზვიად შალამბერიძემ.
 
ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
 
ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. დამატებით, 111 ბინა, ქუთაისში მიმდინარე წლის ბოლომდე განაწილდება.
 
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.