სიახლეები

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლებმა ქუთაისში შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართეს

22 აგვისტო, 2020

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე რეგიონებში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ

ქუთაისში დღეს შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ მიმართა.

შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციები განიხილეს.

ადგილობრივ ბიზნესთან დისკუსია რეგიონულ დონეზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და რეგულაციების აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მიხეილ დაუშვილმა რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს ინსპექტირების პროცესში ბიზნესის კანონიერი ინტერესების დასაცავად ბიზნესომბუდსმენის აპარატის მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა კერძო სექტორში რეგულაციების ეფექტურად აღსრულებისა და ზედამხედველობის სისტემის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ კითხვების დასმისა და უწყებების მხრიდან შესაბამისი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ამ დრომდე, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან კონსულტაციები თბილისის მასშტაბით მოქმედ სექტორულ ბიზნესებთან მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, პლატფორმა რეგიონულ დონეზე ააქტიურებს მუშაობას, რათა დამტკიცებული რეგულაციების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგიონულ დონეზე მოხდეს.

რეგიონული შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც აქტიურია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია. ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრა უკვე გაიმართა ბორჯომში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში რეგიონული შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით იმართება.