სიახლეები

იმერეთში განსახორციელებელ 41 პროექტში ცვლილებები შევიდა

14 აგვისტო, 2020

დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ცვლილებების შესახებ საკონსულტაციო საბჭოს ოთხმა მუნიციპალიტეტმა (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია) მიმართა.

საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და 8 984 651 ლარის ღირებულების, 41 პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. გადაწყვეტილების თანახმად ცვლილებები განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის ასევე, წყალსადენის ქსელის, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნებისა და დარბაზების რეაბილიტაციის, გაბიონებისა და გარე განათების მოწყობის მიმართულებით.

სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილეები: ბესიკ გოფოძე, ლევან კიკნაველიძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.