სიახლეები

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

20 ივლისი, 2020

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილეები: ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე, იმერეთის რეგიონის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. მხარეებმა მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

საკონსულტაციო საბჭოზე მონაწილეებმა წარმოდგენილი 59 პროექტი მოიწონეს, რომელთა საერთო ღირებულებაც 26 444 387 ლარს შეადგენს. პროექტები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემების გაუმჯობესებას, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრ სამუშაოებს და სანიაღვრე სისტემების მოწყობას, ასევე ხიდის შეკეთებას.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის სტატისტიკასაც გაეცნო. ამ ეტაპზე განსახორციელებელი პროექტების ნახევარზე მეტი დასრულებულია, სამუშაოები ვადების დაცვით, შეუფერხებლად ხორციელდება.