სიახლეები

ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია

3 ივლისი, 2020

გიორგი გახარია - წლის ბოლომდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 70 კილომეტრს გავხსნით

ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ცალმხრივი ხდება, - ახლად აშენებული გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა.

გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და შესაძლებელს გახდის ამ გზით სარგებლობას ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით. შემოვლითი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შემცირდება მგზავრობის დრო.

„ამ გზაზე უსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალური იყო და ამიტომ გახდა ეს გზა ცალმხრივი და გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს. დღეს გაიხსნა ამ გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი, წლის ბოლომდე ეს გზა ფაქტობრივად სრულად გაიხსნება, რაც კომფორტთან ერთად, უსაფრთხოების დიდი გარანტი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად უმნიშვნელოვანესი კვანძი წითელი ხიდი-სარფის მაგისტრალისა და წელს ამ მაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება, რაც დროის ეკონომიასთან ერთად მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიაც იქნება. ერთ კვირაში გავხსნით სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ ერთ მონაკვეთს, ამ ზაფხულს, შემოდგომამდე გავხსნით ხაშურის შემოვლით გზას, რომელიც უდიდესი დისკომფორტის შემქმნელი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში და ახალ წლამდე, ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70 კილომეტრს გავხსნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობამ ახალი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა, რომელიც სრულად 2020 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 200 255 000 ლარამდეა.

,, გაიხსნა ქუთაისის შემოვლითი გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი 19 კმ-იანი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ორივე მხრიდან აღგვედგინა მოძრაობა, რაც რა თქმა უნდა, სამანქანო ნაკადს შეამცირებს ქუთაისში და აღარ იქნება ცენტრალური გზა დატვირთული. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებიან დასავლეთის ან აღმოსავლეთის მიმართულებით შეუმცირდებათ გადაადგილების პერიოდიც"- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.