სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული უნგრეთის ელჩს შეხვდა

25 ივნისი, 2020

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ვიქტორია ჰორვატთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ამ დრომდე განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. მხარის რწმუნებულმა ელჩს იმერეთის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ამ მიმართულებით, უნგრეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნგრულ ავიაკომპანია "ვიზეარზე", რომელიც წარმატებით ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

"საუბარი შეეხო იმერეთის რეგიონსა და უნგრეთს შორის ამ დრომდე არსებულ ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თერმულ ქალაქებზე, ამ მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი და გამოცდილება აქვს უნგრეთს, რომლის გაზიარებაც სასარგებლო იქნება წყალტუბოს, როგორც თერმული ქალაქის, შემდგომი განვითარებისთვის. ასევე, აქცენტი გაკეთდა ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიმართულებით. როგორც იცით ეს ერთ-ერთი მსხვილი უნგრული ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ელჩთან ერეთად ვიმსჯელეთ თუ რა პერსპექტივა არსებობს, რომ "ვიზეარმა" განაახლოს ის რესები, რომლებიც პანდემიამდე სრულდებოდა.

საბოლოო ჯამში ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რომელიც იძლევა იმერეთის რეგიონისა და უნგრეთის სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტად დაახლოვებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

"დღეს ჩვენ გქვონდა შესაძლებლობა, რომ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და ქუთაისის ვიცე-მერთან ერთად, გვესაუბრა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებზე, რომელიც არის საკმაოდ პროდუქტიული და მეგობრული. უნგრეთს საქართველოსთან აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური, კულტურული და ასევე, საგანმანათლებლო ურთიერთობები. უნგრეთის მთავრობა 18 სტიპენდიას გასცემს ყოველ წელს საქართველოში, რომელიც ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მიიღონ განათლება უნგრეთში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

გარდა ამისა, ვიმსჯელეთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და აგრეთვე, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ქუთაისში გაკეთდება უნგრელი ჯარისკაცების მემორიალური დაფა“, – განაცხადა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიქტორია ჰორვატმა.