სიახლეები

ხონის დევნილთა დასახლებაში, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

12 ივნისი, 2020

ხონის დევნილთა დასახლებაში, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს და რეაბილიტირებული შენობები ოფიციალურად გახსნეს.

"აღსანიშნავია ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის იმისთვის, რომ ასეთ კომპაქტურ დასახლებებში ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ყველა მიმართულებით კულუტურის სახლების, საბავშვო ბაღების, სკვერების კეთილმოწყობას. ეს ხორციელდება არა მარტო ერთ რაიონში, არამედ იმერეთის სხვადასხვა რაიონში, გვაქვს ახალი პროექტები, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ამისათვის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილია, რომელიც აღნიშნული შენობების სხვადასხვა ინვენტარით, მათ შორის ავეჯით, მუსიკალური ინსტრუმენტებითა და წიგნებით აღჭურვასაც ითვალისწინებს.

ხონის #2-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ერთ-ერთი პირველია იმ 10 საბავშვო ბაღს შორის, რომლებიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დევნილთა დასახლებების მიმდებარედ რეაბილიტირდება და აშენდება. დევნილთა საგანმანათლებლო და სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც 2021 წელს დასრულდება, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს.

პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.