სიახლეები

საქართველოს პრემიერ მინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

5 ივნისი, 2020

გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს - ჩვენი ამოცანაა ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც და ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ამას ყველაფერს დავაბრუნებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა.

"დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ხელისუფლება ცალკე, არ გამოვა არაფერი. ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენც, ცალკე აღებული ქვეყანა, მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, ჩვენ ახლა ძალიანა აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქუთაისი და შემდეგ ბათუმი. ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მეც, მთავრობაც, სულ უფრო და უფრო მეტს ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ის რაც ხდება ჩვენს რეგიონში, მეზობლებში, ბევრ ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში, რომ გახსნას როგორც კი იწყებენ ეკონომიკის, ინფიცირებულების რაოდენობა პროპორციულად ეზრდებათ. ჩვენი ყველას ამოცანა ერთად არის ძალიან გასაგები და გონივრული. ფრთხილად უნდა გავხსნათ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც და ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი და ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას, ტურიზმი განვითარდეს.

„დღეს, მსოფლიოში COVID 19-სგან მწვანე რეგიონები და ქვეყნები, როგორადაც ითვლება საქართველო, ძალიან ცოტაა, ამიტომ, ეს თქვენ რაღაც დამატებით ღირებულებას მოგცემთ. ერთმნიშვნელოვნად იმას უნდა მიხვდეთ, რომ დღეს ჩამოსული ტურისტი სულ სხვანაირი ტურისტია, მას მეტი გადახდისუნარიანობა აქვს, ვიდრე ზურგჩანთა გადაკიდებული ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელ მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა, უფრო სხვა მოთხოვნები ექნებათ და დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებლობას მოგცემთ, მეტი შემოსავალი გქონდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი. ეს უნდა შევინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ტურიზმიც განვავითაროთ და ეკონომიკის სხვა დარგებიც", - მიმართა პრემიერმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.


პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ქართველებმა დაისვენონ და ფული საქართველოში გადაიხადონ.

„ტექნიკურ დონეზე, დღეს, ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე სასტუმროს ამოწმებს, ხარისხით ვინ არის მზად, რომ როგორც კი გაიხსნება, ტურისტები მიიღოს. პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ეფექტურად გახსნის ტურიზმს და ამაში მნიშვნელოვანი როლი ექიმებს, პოლიციელებს და მესაზღვრეებს აკისრიათ.

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთო, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ და ფული გადაიხადონ საქართველოში ტურიზმში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან, ესეც შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს, ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდეგ უკვე მზად უნდა ვიყოთ, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ.
რთული იქნება, რადგან ეს ყველაფერი გასაკეთებელია ფრთხილად და გონივრულად, თუმცა შესაძლებელია. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რეგიონში ერთმნიშვნელოვნად ვიქნებით პირველები, ვინც ეფექტურად გახსნის, ტურიზმზე ვსაუბრობ, თორემ ეკონომიკის ბევრი ნაწილი ჩვენ ბევრზე უკეთესად და სწრაფად გავხსენით და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს. უნდა გავიაროთ ყველა სახის ადაპტაცია იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ. ქუთაისში ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციური საავადმყოფოა და საერთოდ, ჯანდაცვის სისტემა აქ ყოველთვის ძლიერი იყო, დასავლეთ საქართველოს აქედან ვფარავდით. ამიტომ, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავუბრუნოთ, პირველ რიგში, ოჯახს და სამსახურს, რომ ადამიანს შემოსავალი ჰქონდეს და, ელემენტარულად, ოჯახის რჩენა შეძლოს. მარტივი ჭეშმარიტებებია, ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ უკიდურესად გონივრულად და პასუხისმგებლიანად, ეფექტურად მოქმედებდნენ, პირველ რიგში, ექიმები, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პოლიცია, საზღვარი. რაც ყველაზე დიდი რისკის შემცველია დღეს, ისევ ხდება იმპორტირებული," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია, რომ სერვისის მიმწოდებლებმა ზედმიწევნით დაიცვან დადგენილი სტანდარტები.

„ჩვენ ვირუსის შიდა გავრცელებას ვაკონტროლებთ და ეს ფაქტია, არ გვაქვს ახალი კლასტერები, ვინმე ინფიცირებული თუ გვყავს - ვხედავთ საიდან. ძალიან ეფექტურად მუშაობს საკარანტინო სივრცეები, როგორც ბუფერები, ადამიანი რომ შემოდის, 14 დღე იქ არის, კეთდება ანალიზი და იქიდან არის ბევრი ინფიცირებული, ამიტომ ეს სისტემა კარგად გვაქვს დალაგებული, თუმცა იმპორტირებული მაინც დიდი რისკის შემცველია. ჩვენ ქვეყანას და საერთაშორისო ვაჭრობას ვერ გავაჩერებთ. სატვირთო მანქანები მოძრაობენ, ქუთაისის გავლითაც, მათ შორის. ეს ყველაფერი რისკის შემცველია და აქ კონტროლს აქვს დიდი მნიშვნელობა, ამიტომ ექიმების შემდგომ მესაზღვრეები, პოლიციელები, პატრული არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, შემდგომ უკვე თქვენ - სერვისის მიმწოდებლები, რომლებმაც ჯერ ჩვენი მოქალაქეები და შემდგომ უცხოელები უნდა მიიღოთ და არ არის იქ რთული სტანდარტები, თერმოსკრინინგი, ნორმალური დეზინფიცირების პროტოკოლები, რომლებიც შესასრულებელია, დანარჩენში ყველაფერში მოგეხმარებათ იქ ნორმალური „ქლინინგი" რასაც ჰქვია, ნორმალური ტრანსპორტი და მარტივია ეს, არ არის რთული," - მიმართა პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ქვეყანამ შეძლო ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, უნდა აისახოს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში.

„აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და COVID​-ის თვალსაზრისით, როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად, რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ის, რაც ჩვენ შევძელით ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად. ეს ეხება ბევრ სექტორს, რესტორნებს, ტრანსპორტს. განსაკუთრებით, იმერეთში, სადაც ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სასტუმროების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სასტუმროებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, რათა მათ მეტი სტუმრის მიღება შეძლონ.

„ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში დაწყებულია კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების მიღება, რომ - მოდით, შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ, გავიხსნები. რაღაც რაოდენობა შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ. 75-დან თბილისში 15-მა გაუძლო. ამ ციფრმა არ უნდა შეგაშინოთ. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ბევრია დიდი სასტუმრო, მაგრამ პატარა სასტუმროებს მოთხოვნები ცოტა სხვანაირი აქვთ. ამიტომ, უნდა შეხვიდეთ განაცხადით და ნახოთ, მოთხოვნა როგორია და მათი დაკმაყოფილება არ არის რთული. ამ ყველაფერში ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროები დაგეხმარებიან. როგორც კი მიიღებთ უფლებას, პირველი იქნება შიდა ტურიზმი, მერე უკვე ტურიზმის სააგენტო დაგეხმარებათ. მარტივად წარმოიდგინეთ - ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და აკმაყოფილებენ რაღაც სტანდარტს. ამ სასტუმროების ჩამონათვალი ეცოდინება ყველას. ჩვენ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაინტერესებულები ვართ, რომ ამ სასტუმროების სია მივიტანოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორობამდე", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო - ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო, ამას უნდა დავუმატოთ, რომ ქვეყანა, სხვებთან შედარებით, ეფექტურად მართავს ინფექციას.

„უნდა ვიმუშაოთ ბევრი, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. უნდა გვახსოვდეს ვირუსი და აქეთ ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ დავიზღვიოთ, პირველ რიგში, ჩვენი თავი, თანამოქალაქეები, ჩვენი ხანდაზმულები და რა თქმა უნდა, სტუმრები. არ არის ეს ხმამაღალი სიტყვები. საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი, ყველას ერთად ძალისხმევის შედეგად, ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა მსოფლიოში. ყველამ იცის უკვე საქართველო, როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა. საქართველოს მიმართულებით უკვე დიდი ნაკადებია ტურისტული. ეს ყველაფერი, რაც აქამდე გვქონდა, რაზეც ავაგეთ ჩვენი რეკლამა, რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო, ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო, ამას ყველაფერს უნდა დავუმატოთ, რომ ჩვენ, სხვებთან შედარებით, ეფექტურად ვმართავთ ინფექციას. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ბრენდი საქართველოსი, ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს იმით, რომ ეს ხალხი კოვიდსაც არ შეუშინდა, იმასაც ეფექტურად მართავენ და კოვიდისგან სუფთა ქვეყანაა. ეს შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ერთად. კონკრეტულად თქვენ რაც გეხებათ არის შემოწმებები, რომ სასტუმროები მაქსიმალურად გაიხსნას. ეს ჯაჭვი ერთმანეთს უკავშირდება - გახსნილი სასტუმრო თუ არის და თუ აკმაყოფილებს ნორმებს, მეტი ტურისტი მოდის, რესტორნებს მეტი სამუშაო აქვთ, სოფლის მეურნეობაში გლეხს მეტი სამუშაო აქვს იმიტომ, რომ მეტი კიტრი და პომიდორი და ყველაფერი იყიდება. ტურიზმი, შიდა იქნება თუ უცხოური, აგენერირებს მოთხოვნას. ამ მოთხოვნას მერე ყველა ერთად ვაკმაყოფილებთ, გლეხიდან დაწყებული, სასტუმროებით და მფლობელებით დამთავრებული. ამიტომ ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.