სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმყოფებოდნენ

1 ივნისი, 2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილ კომპანია "ატლანტიკ საქართველოში" იმყოფებოდნენ, რომელიც წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საწარმო უახლოეს პერიოდში გაფართოებას გეგმავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელნელა იწყებს გახსნას, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა საწარმოები, რომლებიც უცხოელი ინვესტორების მიერ არის სულ ახლახან დაფუძნებული და გეგმავენ გაფართოებას, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც დღეს ვესტუმრეთ ქუთაისში ფრანგული კომპანია "ატლანტიკ გრუპის" წარმომადგენლ კომპანიას, რომელიც სულ ორიოდე წელია, საქმიანობს საქართველოში. მთლიანობაში ეს არის ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია 73 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში და საყოფაცხოვრებო გამათბობლებს აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ამ გლობალური კრიზისისა, ეს კომპანია გეგმავს გაფართოებას და თუ დღეს დასაქმებულია 140-მდე ადამიანი, გაფართოების შემდეგ 200-ზე მეტს დაასაქმებენ. მიმზიდველი პირობები და ხელფასები აქვთ. ჩვენ ვეხმარებით მათ, ტექნიკური პრობლემა თუ რამე არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტონ და მალე მოხდეს მათი გაფართოება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ზოგადად შექმნილია კარგი ბიზნესგარემო უცხოელი ინვესტორებისათვის და მიუხედავად გლობალური კრიზისისა და პანდემიისა, მათი გეგმები არ შეცვლილა, პირიქით, ფიქრობენ, რომ გააფარონ წარმოება, გამოუშვან მეტი საექსპორტო ნაწარმი, დაასაქმონ მეტი ადამიანი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომლებიც ქმნიან დოვლათს, ასაქმებენ ჩვენს მოქალაქეებს და შეაქვთ ძალიან დიდი წვლილი ბიუჯეტში.

"სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს ასეთი ბიზნესების დაწყებას და გაფართოებას საქართველოში, დღეს დავათვალიერეთ ასეთი საწარმოები, რომლებიც ვითარდებიან ეტაპობრივად და კიდევ უფრო გაიზრდება მათი ბრუნვა", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილმა კომპანიამ ,„ატლანტიკ საქართველომ", რომელიც წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს, საქართველოში, კერძოდ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. ინვესტირებულმა კაპიტალმა 2017 წელს 47,113,020 ლარი, ხოლო 2018-ში - 26,227,437 ლარი შეადგინა.

2017 წელს მთლიანად წარმოებულია - 125 000 წყლის გამათბობელი, ხოლო 2018-ში – 205 970, 2019 წელს კი 207 ათასი წყლის გამოთბობელი აწარმოა და პროდუქციის 100% ექსპორტზე გაიტანა. პროდუქციის ექსპორტი ხდება შემდეგ ქვეყნებში: ესპანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უკრაინა, საქართველი, უზბეკეთი, ყატარი. გაყიდვების ბრუნვამ 2018 წელს - 14,735,095 ლარი, 2019 წელს - 29,559,865 ლარი, ხოლო 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე - 10,920,654 ლარიშეადგინა.

ამ ეტაპზე საწარმოში 135 ადამიანია დასაქმებული და აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში ახალი პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ 23 ახალი თანამშრომელი დაიმატა.

კომპანიის სამომავლო გეგმები უკავშირდება ერთის მხრივ წყლის ელექტროგამაცხელებლების წარმოების ზრდას, ხოლო პარალელურად ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებას: სტეატიტის (გამაცხელებელი ელემენტი) წარმოებას, კონვექტორის (რადიატორი) დამზადებასა და Bosch-თან თანამშრომლობას.

აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზნით კომპანია დამატებით ინვესტიცრებას განახორციელებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 50 ახალი კადრით გაიზრდება.