სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს, რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა. სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე სულ 12.2 კმ-იანი ცემენტო-ბეტონის 4-ზოლიანი გზა, 37 ხიდი და 20 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან 16 გვირაბზე. ამავე მონაკვეთზე, პროექტით გათვალისწინებული 37 ხიდიდან, სამშენებლო სამუშაო მიმდნარეობს 18 ხიდზე. მათ შორის, დაწყებულია საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა, რომელსაც 22 ბურჯი ექნება და სიგრძით 1 320 მეტრი იქნება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 11 ბურჯზე.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა (ჯამში 21.3 კმ) და 53 გვირაბს (ჯამში 34.5 კმ) მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი. მშენებლობა ეტაპობრივად 2022 წელს დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოები გაშლილია რიკოთის უღელტეხილის უბისა-შორაპანის მონაკვეთზეც. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 12 გვირაბზე და 21 ხიდზე. გზის ამ მონაკვეთზე, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, უკვე გაიჭრება 2 გვირაბი. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებულია 13 კმ ოთხზოლიანი ცემენტო-ბეტონის საფარიანი გზის, 18 გვირაბის და 27 ხიდის მშენებლობა.
მუშაობა მიმდინარეობს საქართველოში ყველაზე გრძელი - 1800 მეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე.
რიკოთის საუღელტეხილო გზის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის მანძილი 30 კილომეტრით შემცირდება, ხოლო მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, პროექტის დასასრულს დასჭირდება 4-4.5 საათი.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში. სოფელ ხევში კი, აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და ახალი საბავშვო ბაღი.
2019 წელს რიკოთის პროექტებზე დასაქმებული იყო 5 ათასი ადამიანი. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა. გზის დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოების დაწყების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |