სიახლეები

სოციალური საჭიროებების გამოვლენაზე ორიენტირებული პროექტი დასრულდა

23 დეკემბერი, 2019

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტის „ინკლუზიური ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ დასკვნითი კონფერენცია გამართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებების შეჯამება, მიღწეული შედეგებისა და იმ გამოწვევების შეფასება, რომლებიც ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გამოიკვეთა. ასევე, ორივე მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული სოციალური საჭიროებების წარდგენა.

პროექტის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებებიდან, ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაინერგა შინმოვლის პროგრამაც, რომლის მიზანი ქალაქ ბაღდათში მცხოვრები შინმოვლის საჭიროების მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე სამედიცინო ზრუნვის განხორციელებაა.

გარდა ამისა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შემუშავდა სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.

პროექტის მიზანს წარმოადგენს იმერეთის მხარის ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება.