სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრებს შეხვდა

15 დეკემბერი, 2019

➡️ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრები - გენერალური მდივანი პოლ სიმონსი და ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი “Crecente Asociados”-ის დამფუნებელი და დირექტორი მარიოს სკესენტე იმერეთს სტუმრობენ.

➡️სტუმრებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე შევხდა. შეხვედრას იმერეთს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

➡️მხარეებმა იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, არსებულ რესურსებზე და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრებმა კონკრეტული რეკომენდაციებიც გასცეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოახდინონ წყალტუბომ და ბაღდათმა საერთაშორისო დონეზე პოზიციონირება ცნობადობის გაზრდისა და უფრო დიდი რაოდენობის ტურისტების მოსაზიდად.

"მოხარული ვარ, რომ იმერეთის რეგიონი „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაციის ასოცირებული წევრია. იმერეთის მხარეს აქვს კარგი ტურისტული პოტენციალი, თერმული და მინერალური წყლებით მდიდარი კურორტები, რომლებიც შემდგომ განვითარებას საჭიროებენ. აუცილებელია არსებული რესურსების შენარჩუნება და ახალი ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც ახალი მოთხოვნების შესაბამისად მოაწყობენ ინფრასტრუქტურას. არსებული პოტნეციალი შთამბეჭდავია, უკვე ბევრმა ადამიანმა იცის იმერეთის რეგიონის შესახებ, რასაც განსაკუთრებით უწყობს ხელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განავითაროთ არსებული პირობები ტურისტებისთვის, გაქვთ შესანიშნავი ადგილები სასტუმროებისთვის და ბუნებრივი წყაროები სამკურნალო თვისებებით. ერთი სიტყვით, იმერეთის რეგიონს ყველა პირობა და რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ ევროპელ ტურისტებს იდეალური, მათზე მორგებული პროდუქტი შესთავაზოს“, - განაცხადა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრმა - UNESCO პროექტის "ევროპის დიდებული სპა-კურორტები" გენერალურმა მდივანმა პოლ სიმონსმა.

➡️იმერეთის რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „წყალტუბოს აღორძინების“ პროექტზე, რომელიც მისი განცხადებით, მთელი რეგიონის განვითარებასა და ეკონომიკურ აღმასვლას შეუწყობს ხელს.

➡️იმერეთის რეგიონი „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაციის ასოცირებული წევრი 2017 წელს გახდა, სადაც იმერეთი წარმოდგენილია წყალტუბოს და საირმის სპა კურორტების სახით, რომლებიც ცნობილია ბალნეოლოგიური და მინერალური წყლებით.

➡️იმერეთი ერთადერთი რეგიონია საქართველოდან, რომელიც ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის წევრია.

➡️აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის საბჭოს მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი დონის ფორუმია.