სიახლეები

იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან „ღია დიალოგი“ გრძელდება

18 ნოემბერი, 2019

დღეს პროექტი „ღია შეხვედრები“ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, სოფლების: ჩხარი, გოგნი, ძევრისა და ახალთერჯოლის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

მოსახლეობა პრიორიტეტს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემის მოწყობას, გაზიფიცირებასა და საშეშე მასალის მოპოვებას ანიჭებს. სოფელ ჩხარში, ასევე მიწის რეგისტრაციის პრობლემა დასახელდა, საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დაამტკიცა, რომლითაც მიწის რეგისტრაცია მარტივდება. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მოსახლეობას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა და დეტალები განუმარტა.

გარდა ამისა, სოფელ ძევრში ადგილზე გადაიჭრა ერთ-ერთ უბნის წყლის პრობლემა. მხარის რწმუნებულის დავალებით, უახლოეს დღეებში მოსახლეობას საჭირო რეზერვუარსა და მილებს შეუძენენ. ადგილობრივების უფრო მასშტაბური საჭიროებები კი შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოგვარდება.

აღნიშნულ სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა ცენტრალური თუ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, ჩხარსა და ახალთერჯოლაში ამბულატორიები მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩხარისა და ძევრის ცენტრებს, ხოლო სოფელ გოგნში საბავშვო ბაღი აშენდა. საჯარო სკოლები მოწესრიგდა ახალთერჯოლასა და ჩხარში, სადაც წყლის პრობლემაც გადაიჭრა.