სიახლეები

შეხვედრა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან

14 ნოემბერი, 2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ბინათმშენებლობის პროცესი. 2020 წელს ქ. ქუთაისში 725, წყალტუბოში კი - 560 ბინის განაწილება იგეგმება. ბინით დაკმაყოფილდებიან პირველ რიგში ის დევნილი ოჯახები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და საჭიროებენ დაუყოვნებლივ განსახლებას. პარალელურად მოხდება ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტების დახურვა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისში, სასტუმრო „ხვამლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ. ასევე მოინახულეს აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილები, რომელთათვისც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ბინების დაკანონება წარმოადგენდა. მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ.

სამთავრობო გუნდის წევრები ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე და სამტრედიაში, ეგრისის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასაც შეხვდნენ და სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ეკატერინე ტიკარაძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც მათ საარსებო წყაროების გაჩენაში ხელს შეუწყობს. ეს შეეხება, როგორც მცირე ბიზნესში ხელშეწყობას, ისე გადამზადებას და პროფესიული განათლების დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამებით 3000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა უკვე ისარგებლა.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძულებით გადაადგილებულ პირებთან მომავალშიც გაგრძელდება.