სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარმოადგინა. ასევე, ისაუბრა რამდენიმე რეფორმაზე, მათ შორის, ერთ-ერთი რეფორმა ეხება დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას.
ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას.
აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები.
მინისტრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემას ეხება. მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება.
ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი. ეს საკითხი მნიშვნელოვანია არამხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია. ტელემედიცინის პირველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს.
ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა. რეფორმა შეეხება მედიკამენტების საკითხსაც, რადგან სწორედ ამ კომპონენტზე მოდის მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |