სიახლეები

იმერეთის რწმუნებულმა მოსახლეობის პრიორიტეტებზე იმსჯელა

30 ოქტომბერი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. სამუშაო შეხვედრაზე პროექტ „ღია შეხვედრები“ - ს ფარგლებში გამოვლენილ პრიორიტეტებზე იმსჯელეს. მოსახლეობის მიერ დასახელებული პირველადი საჭიროებების მოგვარების პროცესი უკვე დაწყებულია.

ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის შესაბამისად, რამდენიმე სოფელში მოიხრეშა და მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები, გაიწმინდა არხები და დამონტაჟდა გარე განათებები.

შეხვედრებზე ამ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად საშეშე მასალის მოპოვება დასახელდა და აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ბაღდათის, ხარაგაულისა და ტყიბულის რამდენიმე სოფლისთვის გამოიყო დამატებითი ტყე-კაფები და საშეშე მასალის მოპოვებისთვის გამოყოფილ ადგილებამდე მისასვლელი გზები რეაბილიტირდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშსა და გეგუთში საჯარო სკოლების მშენებლობა დაიწყო. მოსახლეობის მიერ დასახელებულ სოფლებში, ასევე საბავშვო ბაღები რეაბილიტირდა და გარდა ამისა, ზედა სიმონეთსა და საჩხერის რამდენიმე სოფელში წყლის სისტემის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები დაიწყო.

უახლოეს მომავალში შესაბამის უწყებებთან კოორდინაციითა და არსებული რესურსების მაქსიმალური მობილიზებით, ღია დიალოგის რეჟიმში გამოვლენილი კიდევ უფრო მეტი პრობლემა მოგვარდება. ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები, იმერეთის მხარეში, 163 სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ.