სიახლეები

წყალტუბოში სარეაბილიტაციო ობიექტების დათვალიერება

30 ოქტომბერი, 2019

სახელმწიფოს რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და წყალტუბოს მერ გრიგოლ იოსელიანთან ერთად ის ობიექტები დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.

შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოს განახლება, მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, არის შესაძლებლობა არამარტო ამ კურორტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

"ძალიან მიხარია, რომ იმერეთი ამ ბოლო დროს გახდა საუკუნის პროექტების ეპიცენტრი. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე, გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა. დღეს გახდა ცნობილი, რომ იწყება წყალტუბოს სრული რეაბილიტაცია. ეს გრანდიოზული პროექტი ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და მოიცავს 22 სანატორიუმის რეკონსტრუქციას, რომლებიც 30 წელია, მიტოვებული და გაპარტახებულია, წყალტუბოს განახლება, მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, ეს არის შესაძლებლობა არამარტო ამ კურორტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მოხდება დაახლოებით 20 ათასი ადამიანის დასაქმება და ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ზოგადად ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მთელი იმერეთისთვის და ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის. რაც შეეხება დევნილებს, მშენებლობები მიმდინარეობს როგორც წყალტუბოში, ასევე ქუთაისში, ეს პროცესი შეუქცევადია და ყველა დევნილი ეტაპობრივად დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით", - განაცხადა შალამბერიძემ.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გახდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი იმიტომ, რომ აქ არის უნიკალური ბუნება, უნიკალური წყლები, უნიკალური არქიტექტურა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანატორიუმების სახით, არის ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც მიგვანიშნებს იმაზე, რომ თუ რაოდენ ლამაზი შეიძლება იყოს ეს ადგილი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებისას, რომელიც მიზნად ისახავს წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას და განვითარებას.

მინისტრის თქმით, ეს ინიციატივა გულისხმობს წყალტუბოს, როგორც საკურორტო ქალაქის, საკურორტო მიზიდულობის ცენტრის მთლიანად აღორძინებას, რაც არის გრანდიოზული ინიციატივა და ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობები დღემდე ვერ გაუმკლავდა, რადგან დიდი მასშტაბის ხარჯზეა საუბარი.

„ჩვენ, როგორც ხედავთ, ვცდილობთ წყალტუბოს განვითარებას - გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ წლების მანძილზე 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება. რატომ? იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, არის ძალიან დიდი გამოწვევა იმაში, რომ წყალტუბომ დაიბრუნოს ყოფილი დიდება, როცა ის იყო საერთაშორისო მნიშვნელობის გამაჯანსაღებელი ცენტრი. ეს კურორტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველსავე წლებში დაინგრა, გაჩანაგდა და პრინციპში, მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია და ეს ნათელი გახდა. ცალკეული ბიზნესები ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ გარკვეული პროექტების განხორციელებას, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს წყალტუბო და რასაც იმსახურებს საქართველო“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში კურორტის აღდგენა არის მთლიანად ქველმოქმედება. „მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.