სიახლეები

„ზესტაფონობა 2019“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

27 ოქტომბერი, 2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორდღიანი სახალხო დღესასწაული "ზესტაფონობა 2019" მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. საზეიმო აქტივობებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე მონაწილეობდნენ.

სახალხო დღესასწაულზე ადგილობრივი სპორტი, ფოლკლორი და გასტრონომია იყო წარმოდგენილი. გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჭიადაობა-ძიუდოში, კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, ღვინის ფესტივალი და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც გიგანტური იმერული ხაჭაპურით დაგვირგვინდა. სახალხო ზეიმის ფარგლებში, საპატიო ზესტაფონელებიც დასახელდნენ, რომლებიც შესაბამისი სერთიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

დღესასწაული ანსამბლ "ფორტე" - სა და ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დასრულდა. "ზესტაფონობა 2019" - ის აღნიშვნა ტრადიციულად "ვარინკობით" დაიწყო, რომლის ფარგლებში უკვდავი "სულიკო" - ს მუსიკის ავტორის, ვარინკა წერეთლის, ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. გარდა ამისა, ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი - "სულიკო 2019" ჩატარდა.