სიახლეები

გარემოსდაცვითი ღონისძიება ქუთაისში

22 ოქტომბერი, 2019

გაეროს კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, ხეების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ბოტანიკურ ბაღში შეკრებილ საზოგადოებას გამწვანების აქციის მონაწილეები მიესალმნენ, ხოლო ღონისძიების ბოლოს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემაზე ორგანიზებული ნახატების კონკურსისა და ვიქტორინის გამარჯვებულები, შესაბამისი სერთიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

21-24 ოქტომბერი საქართველოში გაეროს კვირეულს ეძღვნება, რომლის მთავარ თემას გლობალური მიზნების თაობა წარმოადგენს (Global Goals Generation). კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, თბილისის გამწვანებისთვის 550 ხე დაირგვება.