სიახლეები

ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დასრულდა

11 ოქტომბერი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ მაისურაძე და ქუთაისის სარაგბო კლუბ "აიას" მენეჯერი ზურაბ აფრიდონიძე.

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, მათ შორის ველიკოპოლსკას სავოივოდოს მარშალთან მარეკ ვოზნიაკთან და სეიმეკის პრეზიდენტთან ვიესლავ სჟეპანსკისთან. შეხვედრებში პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდა. რწმუნებულის პირველმა მოადგილემ და ელჩმა სიტყვით მიმართეს რეგიონული პარლამენტის წევრებს.

გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ვირჟისკისა და კოშჩიანის გმინებში, რომლის დროსაც წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების აღნიშნულ ქალაქებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დელეგაციას პოზნანის სპორტულმა კლუბმა "პოზნანიამ" უმასპინძლა, შეხვედრაზე ქუთაისისა და პოზნანის სარაგბო კლუბებს შორის გაცვლითი სპორტული შეკრებების ორგანიზების შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული, როგორც ქუთაისში ასევე პოზნანში.

ვიზიტის ფარგლებში იმერეთის დელეგაცია იმყოფებოდა საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზეც და შეთანხმების შედეგად 2020 წელს იმერეთი აღნიშნული ფესტივალის ოფიციალური სტუმარი იქნება, სადაც ქართული კულინარიისა და რეგიონის წარდგენა მოხდება.

ასევე ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა, ელჩთან და ველიკიპოლსკას სეიმეკის წევრებთან ერთად მოინახულეს ალექსანდრე ბუხულეიშვილი, რომელიც წარმოშობით ბაღდათიდანაა და მძიმე საწარმოო ტრამვის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს პოზნანის კლინიკაში გადის. სეიმეკის წევრებმა ბუხულეიშვილს სარეაბილიტაციო კურსისთვის მათ თანხა გადასცეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ გოგსაძის გადაწყვეტილებით კი დაშავებულს სპეციალურ ეტლს შეუძენენ.

შეხვედრების ფარგლებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის მიმდინარე წლის დეკემბერში ორკვირიანი სასწავლო კურსის ორგანიზების შესახებ შეთანხმება შედგა.

ამასთან, მომავალი წლის გაზაფხულზე, პოზნანში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტები გაიმართება, ასევე იგეგმება ველოკიპოლსკას მარშალის ვიზიტი იმერეთში.