სიახლეები

შეხვედრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე

8 ოქტომბერი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა და შემდეგ სიტყვა გადასცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს თამარა წულეისკირს და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პუგლის.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, 12-ვე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადმინისტრაციული და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოში მიმდინარე ,,ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში გაიმართა. წლევანდელი ნატოს დღეები 3 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის, დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და 30-31 ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება.

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წევრებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან და მედიასთან.