სიახლეები

საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ,,ნინო ხურციძის მემორიალი-2019''

17 სექტემბერი, 2019

ვანის მუნიციპალიტეტში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2019 წლის კალენდრით გათვალისწინებული, საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ,,ნინო ხურციძის მემორიალი-2019“ და ნინო ხურციძის სახელობის საჭადრაკო კლუბი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ამ ტურნირის დირექტორი ზაზა ლომინაძე, მსოფლიო დიდოსტატი ჭადრაკში და ტურნირის მსაჯი ნანა იოსელიანი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და დაინტერესებული პირები.

საერთაშორისო მასშტაბის დახურულ ტურნირში, სწრაფ ჭადრაკში, მონაწილეობას იღებს მსოფლიოს და საქართველოს 10 საუკეთესო მოჭადრაკე ქალი. მათ შორის ევროპის 2-გზის ჩემპიონი ქალთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატების და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის პრიზიორი უკრაინელი საერთაშორისო დიდოსტატი ნატალია ჟუკოვა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები: მსოფლიოს, ევროპის და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვაბულები და პრიზიორები, საქართველოს უძლიერესი ს/დიდოსტატი ქალები -ნანა ძაგნიძე, მაია ლომინეიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ქეთევან კახიანი-გერშინსკა და აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერი ზეინაბ მამედიაროვა.

ცნობილი ქართველი ს/დიდოსტატი ნინო ხურციძე იყო ქართული საჭადრაკო ოჯახის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც მძიმე დაავადების გამო ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ნინო ხურციძე იყო ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, 5 მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის, 3 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის, 7 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი.