სიახლეები

საინფორმაციო კონფერენცია საქმიანი ტურიზმის შესახებ

24 აგვისტო, 2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ინიციატივით, საქმიანი ტურიზმის შესახებ იმერეთის რეგიონში ცნობიერების ამაღლების მიზნით კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა, ხოლო საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიზანია საქმიანი ტურიზმის პოტენციალი უკეთ გააცნოს მის წევრებსა და რეგიონში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ბიუროში 50 წევრი ორგანიზაციაა, რომლებიც წარმოადგენენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში არსებული საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვან განთავსების ობიექტებს, ასევე, DMC-ებსა და PCO-ებს.

კონფერენციას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოადგილეები: დავით ერემეიშვილი, იუზა უგულავა და იმერეთის რეგიონში არსებული ტურისტული სააგენტოებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლები ესწრებოდნენ.