სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
მოსახლეობასთან შეხვედრისა და კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კაცია, პარლამენტის წევრი რომან კაკულია, იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ჭიათურის მაჟორიტარი სულხან მახათაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხრეითს,რგანს,დარკვეთსა და პერევისას სტუმრობდნენ.
„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც გაწუხებთ და შევეცდებით უფრო მყისიერად და მოკლე დროში მოვაგვაროთ თქვენი პრობლემები" -მიმართა შეკრებილებს ზვიად შალამბერიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. შეკითხვები, ძირითადად, სოფლებში შიდა საუბნო გზისა და სასმელი წყლით მოგვარებას,ასევე ჯანდაცვის,შეშით მომარაგების და სხვა საკითხებს ეხებოდა.
წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების მოწყობის მიზნით გამოიყო 3 500 000 ლარი, რომელიც 118 პროექტის განხორციელებას მოხმარდა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დღეის მდგომარეობით დაფინანსებულია 6 საავტომობილო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 4 500 000 ლარს შეადგენს. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58 სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების მიზნით 1 412 000 ლარი გამოიყო.
ასევე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ჭიათურის 19 საჯარო სკოლაში ( აქედან 15 -სოფლის სკოლაა) დასრულდება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლის საერთო ღირებულება 880 000 ლარს შეადგენს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში- მეჩხეთურში, რგანში და გუნდაეთში დაგეგმილია ახალი საჯარო სკოლის პროექტირება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამბულატორიებსაც.