სიახლეები

ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

27 ივნისი, 2019

ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში  მულტიმედიური შოუ მოეწყო, რის შემდეგაც აუდიტორიის წინაშე  ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,   კომპანიის "aigroup" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი, კომპანიის სხვა წარმომადგენლები, ასევე, სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია წარსდგნენ.    

მინისტრის განცხადებით, იწყება რეგიონში პირველი, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული, ქუთაისური წარმოშობის ელექტრომობილების წარმოება. 

"ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა და დაპირდა საქართველოს, რომ მალე ჩვენ გავხდებით რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი. დღეს მაქვს პატივი დავაანონსო ეს პროექტი და ვთქვა, რომ ვასრულებთ ამ დანაპირებს. ქართული კომპანია "აიგრუპი", რეგიონში ერთ-ერთი ინდუსტრიის ლიდერის, ჩინური კომპანიის "ჩანგანის" დახმარებით იწყებს ელექტრომობილების პირველი ქარხნის მშენებლობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 კომპანიის "აიგრუპი" ხელმძღვანელის კახა გულედანის ინფორმაციით, „აიგრუფი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი.